"ბრძოლა" ოჯახისთვის ქართულ
და რუსულ მედიაში
ავტორი
ნენი მარსაგიშვილი
''ბავშვის უფლებაა იცხოვროს ოჯახურ გარემოში და ვმუშაობთ, რომ საქართველოში დიდი ზომის სახელმწიფო დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვები თავიანთ ბიოლოგიურ მშობლებს დაუბრუნდნენ''

UNICEF

ზაფხულში, ნეონაცისტური გაერთიანების, ''ქართული იდეის'' ლიდერმა, გურამ ფალავანდიშვილმა, ქობულეთში სქესობრივი განათლების თემატიკის გრაფიტი დააზიანა. სტენსილის ავტორი მან ''პედოფილად'' მოიხსენია, რომელსაც სკოლებში სქესობრივი განათლების სწავლება, ახალი თაობის ''გარყვნა'' და ''გაფუჭება'' სურს.

დაზიანებული კედლის გამოსახულების შინაარსი ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ეხებოდა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

საქართველოში პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ ნიადაგზე ნეო-ნაცისტური ჯგუფები ძალადობრივ და აგრესიულ ქმედებებს ახორციელებენ. ანტიდასავლური გზავნილების წყარო ოჯახი აქტიურად 2014 წლიდან, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღების შემდეგ არის. აღნიშნული კანონმდებლობა მიუღებელი აღმოჩნდა ანტი-ლიბერალური და ნეო-ნაცისტური ჯგუფებისთვის. აგრესია გამოიწვია ჩანაწერებმა გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ. დაიწყო მანიპულაციები და არასწორი ინტერპრეტაციები იდენტობის დაკარგვის საფრთხის, ჰომოსექსუალობის თავს მოხვევის შესახებ. აღნიშნული ჯგუფების მხრიდან მედიაში გავრცელდა პროპაგანდისტული ნარატივები, რომ დასავლეთი ღიად ებრძვის ტრადიციულ ოჯახს და ეროვნულ თვითშეგნებას. ‘’ბავშვთა კოდექსზე’’ მუშაობის პერიოდში კი მედიაში ტირაჟირდა დეზინფორმაცია ‘’იუვენალური იუსტიციის’’ და სოციალური მუშაკის გადამეტებული როლის შესახებ.

საკითხები, რომლითაც ხდება მანიპულაცია
ქართულ მედიაში ‘’ბავშვთა კოდექსის’’ განხილვასთან ერთად ანტიდასავლური განწყობების წარმომადგენელთაგან შემდეგ საკითხებზე დაიწყო მანიპულაცია:
სქესობრივი განათლება
აღნიშნული ჯგუფები ლიბერალებს აიგივებენ სოდომისტებთან, სკოლაში ბავშვებთან სექსუალური აღზრდის შემტანებთან და ფემინისტებთან. საზოგადოებაში აგრესიულად მანიპულირებენ UNICEF-ის როლით, თითქოს ორგანიზაცია განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ცდილობს სკოლებში სექსუალური განათლების გაკვეთილები დანერგოს და ამით ახალი თაობის ‘’გარყვნას’’ შეუწყოს ხელი.
ჰომოსექსუალიზმის გავრცელება
ანტიდასავლური წყაროები გაეროს ბავშვთა ფონდს ხშირ შემთხვევაში მოიხსენიებენ, როგორც, ‘’მამათმავლობის ღია ლობისტს და გამავრცელებელს’’. ვრცელდებოდა მანიპულაციური ინფორმაცია, რომ ‘’ბავშვთა კოდექსის’’ მთავარი მიზანი ახალი თაობის ოჯახთან დაშორებაა, საბავშვო ბაღებში და სკოლებში კი გენდერის საკითხები ისწავლება, რომელიც, ფარულად ჰომოსექსუალიზმს ნიშნავს.
ბავშვთა კოდექსი როგორც ‘’იუვენალური ფაშიზმი’’
ბოლო პერიოდში ანტიდასავლური პროპაგანდის მთავარი სამიზნე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული‘’ბავშვთა კოდექსია’’. კოდექსის მუხლები არაერთხელ ინტერპრეტირდა არასწორად. ცრუ ინფორმაცია გავრცელდა სოციალური მუშაკის ინსტიტუტის შესახებ, თითქოს ბავშვთა კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ მასობრივად დაიწყებოდა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ბავშვების წაყვანა და მათი მინდობით აღზრდა. სოციალური მუშაკის ინსტიტუტი გაიგივდა ‘’იუვენალურ ფაშიზმთან’’
მედიაში გავრცელებული დეზინფორმაცია
ანტიდასავლურმა წყაროებმა ეჭქვეშ დააყენეს ბავშვთა კოდექსი და მისი დანიშნულება, გააგივეს ის ანტიდისკრიმინაციულ კანონთან, რომელიც მათი განმარტებით, ემუქრება ოჯახებს იდენტობის დაკარგვით და ჰომოსექსუალიზმის თავსმოხვევით.
ადა მარშანია
''პატრიოტთა ალიანსი''
''საშინელ ბავშვთა კოდექსს მიიღებს მალე საქართველო, სადაც თავდაყირააყველაფერი დაყენებული: ჩვენი იდენტობა, ჩვენი ეროვნული ფასეულობები, ჩვენი ისტორია, ჩვენი გმირების თავდადებული ბრძოლა, ყველაფერი თავდაყირა არის დაყენებული. ბავშვების გადაგვარების გზაზე გინდათ დააყენოთ ეს ქვეყანა? არ გამოგივათ ეს ამბავი''
ნინო რატიშვილი
ტვ. ობიექტივი
''აი ამ სიტუაციაში, ეხლა მე რასაც შემოგთავაზებთ, დედას ჩამოართმევენ ბავშვს თუკი ის ამ წესებს არ შეასრულებს. აი აქ არის საშინელება. ნახეთ, მე რომ შვილი მყავდეს პატარა, მე არ მინდა, რომ ავცრა. კი, ეს სავალდებული კი არ არის მაგალითად ვაქცინა მაგრამ, რა არი იცი? ჩემს შვილს სკოლაში არ გავუშვებ, აა, არ გაუშვებენ? მაშინ მოვლენ და ის რა ქვია, მაშინ დედას ჩამოართმევენ იმიტომ, რომ შენი შვილი სკოლაში არ დადის. მოკლედ, ყველაფერი არი გადაბმული“

სანდრო ბრეგაძე
''ქართული მარში''
“რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში არის ახალგაზრდა თაობის გარყვნა და მათი იდეოლოგიური დამუშავება, მათი ქცევა ჩვეულებრივ მებრძოლ ათეისტებად''

ვინ ავრცელებს მედიაში ცრუ ინფორმაციას?

ოჯახთან დაკავშირებული ანტიდასავლური გზავნილების წყაროები ძირითადად პრორუსული მედია, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან. ანტიდასავლური შინაარსის მოსაზრებებს ასევე ხშირად სასულიერო პირებიც ავრცელებენ.
ბოლო პერიოდში, ‘’ბავშვთა კოდექსის’’ ძალაში შესვლიდან, კოდექსის ცალკეული მუხლების მანიპულაციური ინტერპრეტაცია მოხდა ონლაინ გვერდების ‘’საქართველო და მსოფლიო’’, ‘’საქინფორმი’’ და ‘’zneoba.ge’’-ს მეშვეობით. აღნიშნულ გვერდებს ფინანსური მხარდაჭერა რუსული წყაროებიდან აქვთ. დეზინფორმაცია გაავრცელა ასევე ბეჭდურმა მედია ‘’ასავალ-დასავალმა’’, რომლის რიტორიკაც ეთნონაციონალისტურია, თუმცა, ხშირ შემთხვევაში კრემლის პოზიციას იმეორებს.
პოლიტიკური პარტიების შემთხვევაში, ოჯახის მისამართით ანტიდასავლური გზავნილების ავტორები იყვნენ ‘’პატრიოტთა ალიანსი’’, ‘’ქართული იდეა’’ და ''ქართული მარში''.
რუსული პროპაგანდა
საგულისხმოა, ქართულ რეალობაში ანტიდასავლური კურსის მატარებელ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იუვენალურ იუსტიციასთან დაკავშირებით შინაარსობრივად თანხვედრაშია რუსულ მედია საშუალებებთან, რომლებიც ანალოგიურ პოზიციას ავრცელებენ. შეინიშნება ტენდენციები ლიბერალიზმის კრახის და საფრთხის პერსპექტივის შესახებ, რომელიც თითოეულ ოჯახს ემუქრება ევროპული გავლენის კვალდაკვალ. რუსულ წყაროებში დრამატულად არის აღწერილი ევროპული ქვეყნების პრაქტიკა, სადაც სოციალური სამსახურებისა და სამეურვეო ორგანოების მხრიდან ოჯახებზე გამოვლენილია არაჰუმანური გამოკიდებულება.
ქართულ და რუსულ მედიაში, იუვენალური იუსტიციის შესახებ გავრცელებული მანიპულაციური ინფორმაცია სასულიერო პირების პოზიციასთან არის თანხვედრაში
რუსი სასულიერო პირები
ალექსი ნოსაჩი
''ოჯახიდან ბავშვი გაჰყავთ იმიტომ, რომ რომ ოჯახი ეკლესიურია და მარხვას იცავს. თვლება რომ მარხვა საზიანოა, ამიტომ ბავშვი უნდა მოაშორონ ოჯახს. მაშინ როცა ბავშვს მეცადინეობას აიძულებენ ხელის დაბანს, კბილების გახეხვას აიძულებენ, ბავშვს ოჯახს ართმევენ''
დიმიტრი სმირნოვი
''რუსეთში ცდილობენ ევროპული კანონმდებლობის გადმოღებას. ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია ევროპული ოჯახები, სადაც მშობლები ქორწინების გარეშე ცხოვრობენ, ბავშვების თანდასწრებით ეწევიან სიგარეტს, სახლში საჭმელი არ აქვთ''
ვიქტორ ივანოვი

იუვენალური იუსტიცია ამბობს- თქვენ არღვევთ ოჯახში კანონს, ამიტომ ჩვენ თქვენი ბავშვი მიგვყავს ბავშვთა სახლში. ეხლა კანონები ხორციელდება შემდეგნაირად-მშობელს შვილის აღზრდის უფლება ერთმევა, ბავშვები ბავშვთა სახლში მიჰყავთ, ხოლო შემდეგ ფულის სანაცვლოდ მათ ასხვისებენ საზღვარგარეთ ოჯახებში. ეს არის ბიზნესი.

ქართველი სასულიერო პირები
გიორგი რაზმაძე

''ვინმე წარმოიდგენდა, რომ მშობელს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დაკისრებოდა შვილისთვის თუნდაც მკაცრი შენიშვნის მიცემისა და რაღაც აკრძალვების გამო? დღეს ეს უკვე რეალობაა…''

ელიზბარ დიაკონიძე


„აქ საერთოდ კატასტროფა ხდება მაგ დაწყევლილი იუვენალურის გამო და გახსოვთ, რუსი ქალბატონის ბედი როგორ წარმართა ფინეთის მთავრობამ? ვინც არ იცის, მათთვის ვიმეორებ - ქალბატონს ბავშვი იმიტომ ჩამოართვეს, რომ იგი ბავშვზე თითქოსდა რელიგიურად ძალადობდა, რადგან დაჰყავთ ჰელსინკში მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში, რომლის მრევლიც გახლდათ და შვილიც თან დაჰყავდა სულიერი აღზრდის თვალსაზრისით!''
გიორგი რაზმაძე
"თავის დროზე, როცა საზოგადოების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ ე.წ ანტიდისკრიმინაციულ კანონს იღებდნენ, ქალბატონ ეკა ბესელიას ვესაუბრე, მაშინ უმრავლესობის დეპუტატი იყო და მითხრა, რომ ეს იყო აბსოლუტურად უწყინარი კანონი, რომელსაც სხვა უფრო მიუღებელი საკანონმდებლო ცვლილებები არ მოჰყვებოდა. გავიდა ცოტა ხანი და გაეროს ბავშვთა ფონდის კარნახით მიიღეს კანონი სახელწოდებით “ბავშვის უფლებათა კოდექსი”, რომელმაც მშობელს, პრაქტიკულად, ჩამოართვა ყველა უფლება''
სინამდვილეში, ''ბავშვთა კოდექსის'' მთავარი მიზანი ბავშვებისთვის ჰარმონიული გარემოს შექმნაა

ბავშვთა კოდექსი გაეროს ბავშთა ფონდთან თანამშრომლობით შეიქმნა და ოჯახების გაძლიერებასა და თითოეული ბავშვის კეთილდღეობის დაცვაზეა ორიენტირებული. კოდექსი გამორიცხავს ბავშვის მიმართ ძალადობრივი აღზრდის მეთოდების გამოყენებას, მათ ფიზიკურ დასჯას თუ სასტიკ მოპყრობას. კრძალავს ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ალკოჰოლის მოხმარებას. ასევე, ბავშვის მიმართ ძალადობრივი ქმედების განხორციელებას, იქნება ეს წამება თუ არაადამიანური მოპყრობა. იუვენალური იუსტიცია მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში არა მათ სამართლებრივ პასუხისგებას, არამედ რეაბილიტაციას. პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს ბავშვების უფლებების დაცვა და მათი რესოციალიზაცია. სოციალური მუშაკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბავშვის მშობლისგან გაცალკევების თაობაზე, კანონის მიხედვით, უკიდურესი მეთოდია და მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ მსუბუქი მექანიზმი უკვე გამოყენებულია, მაგრამ უშედეგოდ.

This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website